ღმერთი

ღმერთი

вторник, 15 августа 2017 г.

...რამეთუ ღმერთი არ იყო თუთაშხა...

..და იქმნა კაცთათვის:
სინდისი - ნიჭად მხილებისათის თვისთა მანკიერებათა, ძალა - ილაჯად თვისისავე სულის ხარვეზთა დაძლევისათის, სიკეთე - უნარად რგებისათვის თავისა, გარნა მოყვასთათვის რგებისა შედეგად; დედაკაცი - მრავლებისა და პირობად კაცთა მოდგმის მარადობის; მეგობარი - საზომად სულგრძელობისა და სამჟღავნებლად თავდადებისა თვისისია; ერი - ასპარეზად პირუთვნელი მსახურებისა და მსხვერპლად მისლვისა; ვენახი და მინდორი - ადგილად დაღვრისათვის ოფლისა, არედ განგების ნების აღსრულებისა: პური და საქონელი ყოველი - საზრდელად თავისა და მისაძღვნელად სხვათათვის; სოფელი - სივრცედ მიგებისათვის სიყვარულისა, რომელი იყო ღმერთი.

იქმნა ყოველი მარტოოდენ, ვითარცა ზემორე ითქვა. რწმენა და ზნე ესევითარი იყო განმჯდარ სიყვარულად ყოველსა ასოსა შიგან და სიღრმეთა სულისასა კაცთა .  ჰყავდა ერსა განმგებლად და მორიგედ ქვეყნიერთა საქმეთა თვისთა ჭაბუკი პირმშვენიერი და რაინდი კეთილაღნაგი - თუთაშხა, არ იყო იგი სულდგმული ერთი და ძე ხორციელი , არამედ სული კრებითი, არსი მყოფი კაცთა წიაღსა შინა, ვითა წახნაგთაგანი მათი უპირველესი..

შვა ამ ვითარებამ ერსა შიგან სიბრძნე გონებისა, რომელმან ჰპოვა მარცვალი ველური, ქმნა ყანად და დაუდვა კაცთა პურად არსობისა; შეიპყრა ხარი ტრამალსა ზედა, შინაურ ჰყო და განაწესა გამწევად ტვირთისა; აღაგო ბორბალი და გასჭრა გზა სანათესაოდ ტომთა შორის; ისწავა ცავარსკვლავეთი და მიანიჭა კაცთ უნარი ამინდთმეტყველებისა; მოიხელოვნა რუკა სლვად წყალთა და ხმელთა ზედა და მიკვლევად უცნობთა ერთა; შეთხზა ანბანი გამოცდილებისა და ცოდნატა აღნუსხვად შთამომავალთათვის და გაახარა ვაზი მადლისა აღსავლენად ამა სიბრძნეთა მომნიჭებლისად.

ხედვიდა ერი მას თუთაშხას განსხეულებულს, ხორცქმნილს და მსახლობელს თვისსა ტაძარსა დიდებულსა შინა უფლად სიყვარულისა და ჰმორჩილებდა წესსა დადებულსა მისგან, ვითარცა წესსა ერთნებაობითა რჩეულისა ხორციელისა მისისა...


     ... გარნა იყო უწვართთა კაცებისა სულსა შინა ზნე რამ მიმალული და ვერსაჩინარი და არსი მისი – მონება მამონისა. რა არღა აპყრია ერმან გონებისა თვალი ზნესა მას კნინსა – განღვივდა იგი და შთავარდა თესლად ცთუნებისა. იმძლავრა ფესვმან უკეთურმან ნიადაგსა შინა ლბილსა, შთასწვდა გეენიასა შესრუტვად ცოდვისა შხამთა. აღმოცენდა ყვავილი კეკლუცი – გარნა დამალპობელი ხორცისა, სურნელოვანი – გარნა დამთრგუნ-ველი სულისა. იხილა და იყნოსა ყვავილი იგი ერმან და უხაროდის, რამეთუ იყო უბრყვილ მიმართ არსისა და უმეცარ მიმართ შედეგისა.

კაცთა გონებისა კარი განიღო ერთი, დახშული მოაქჟამამდე შვიდითა საკლიტულითა უმტკიცესითა, განიხვნა გზა სლვად მორიელისა და იმძლავრა წყურვილმან ხვეჭისა ილეკროთა. აღაშფოთნა თვალნი უკეთესობითა ყოფამან სხვისმან, მოიცვა გული შხამმან სიხარბისამან და დააბნელა გონება შურმან. განიმახვნენ კაცნი ლახვრად და განიბრტყნენ ფარად მიმართ ერთურთისა. გათითოკაცდა ერი მოგებად საქონელისა და განიბნა წვნევად უმეტესის ფუფუნებისა.

შეება თუთაშხა სატკივართა ქვეყნიერთა, მეოხ ექმნა შეჭირვებასა შინა მყოფსა მრავალსა მყოფსა მრავალსა და განუცრუვნა სხვისისა ოფლითა მოპოვებული ქონება ვიეთთა; მიაგო სამართალი მანქანებითა აღზევებულთა რომელთამე და იღვაწა სახსნელად მიმძლავრებით დამდაბლებულ-თა; შთაუდო გულსა შინა მშვიდობა მტრად ქმნილთა და გაუცუდა ბოროტთა საქმეთა განზრახვა სხვათა, გარნა იმატა უფრორე:
გამცემლობამან ძმათა და მრუშებამან მეუღლეთა; უმადურებამან მადლფენილთა და ამპარტავნებამან ხელისუფალთა; ლიქნმან ხელქვეითთა და მზაკვრობამან მეცნიერთა; სიმდიდრისა წყურვილმან მცონარეთა, აღზევებისა სურვილმან უმეცართა და სიცრუვემან მერჯულეთა.

ურკვეველ დარჩა თუთაშხა ვითარებასა შიგან, რამეთუ არა უწყიდა, რომლითა ძალით მიეზღო ვალი ქვეყნისათვის თვისისა. მოეკვეთა უნარი მიზეზთა განჭვრეტისა, უქმ ექმნენ ძალნი აღსრულებისათვის საქმეთა საგმიროთა, და ჰრქვა:
– არღა მაქვს ცნობა, კეთილსა ვიქმ ანუ ავსა, უმჯობეს არს, დავიკრიფო მკლავნი მკერდსა ზედა და ვიპყრა ძალი ჩემი უმოქმედობად.

განდგა თუთაშხა ქვეყნისაგან თვისისა, დაინთქა ჭვრეტად და არღა გულისხმა ჰყო სადარდებელი ერისა, რამეთუ ღმერთი არა იყო თუთაშხა.


      ..ოდეს კნინ იქმნა ზნეობა და მიიტაცა სულმოკლეობამ  უფლება განგებისა საქმეთა , სულგრძელობისა მიერ განსაგებელთა, - ჰრქვეს კაცთა:
- ვიევთაგან მოვიღო ჩემდა რგება ნივთიერი, იგინი იყვნენ მოყვასნი ჩემნი!

ვინათგან შემოადგა მოალყე დიდი მეციხოვნეთა რიცხვით მცირეთა, - მათცა, რომელნი იდგეს ზნეობასა ძევლსა ზედა , ეყოთ ზიანი ძნელი და დარჩა წიაღსა შინა კაცთასა სიყვარული იგი, ბოლქვი უმწეო ნიადაგსა ზედა მწირსა და უმოსავლოსა. და იქმნა:
სინდისი - ცნებად გარდასულთა ჟამთა და სიტყვათღა სათრევად ძვირისმეტყველთა-გან; ძალა - იარაღად დათრგუნვისათვის სათნოებისა სულსა თვისსა შინა და მიმძლავრებისათვის მოყვასისა; სიკეთე - ნიღბად ავისა განზრახვისა და ქმნისა; დედაკაცი - განმართლებად მეძაობისა და ბერწობისა; მეგობარი - მალამოდ შიშისათვის წუთისოფლისა და საგნად სხვათა ფარულთა ანგარებათა; ერი - ასპარეზად ნივთთა მოხვეჭისა და ხნულად მიმოთესვისათვის სიცრუვნეთა; ვენახი და მინდორი - ადგილად მოყვასისა ნაღვაწის მითვისებისა; პური და საქონელი ყოველი - სივრცედ შურისა მიგებისა და სიძულვილისა, რომელი იქმნა ღმერთად.

იქმნა ყოველი მარტოოდენ, ვითარცა ზემორე ითქვა და დაიხშო მზის ბრწყინვალება ჭყრტიალისაგან ოქროისა, რწმენა და ზნე ესევითარი განჯდა სიძულვილად ყოველსა ასოსა შიგან და სიღრმეთა სულისასა კაცთა. აღიარა ერმან განმგებლად და მორიგედ ქვეყნიერთა საქმეთა თვისთა ურჩხული იგი საშინელი. საზრდელი მისი - სული და ხორცი კაცთა. მუცელი მისი - აღუვსებელი მარად. არა იყო იგი არსება ერთი და ნადირი ხორციელი, არამედ სული კრებითი, არსი მყოფი კაცთა წიაღსა შანა, ვითა წახნაგნი ერთი მისი, განძლიერებულ აწ.

შვა ამ ვითარებამ სიბრჯგუე გონებისა, რომელმან: დაიდვა პური არსობისა მონობითა საპყრობად კაცთა; არა კმასაყოფელ ექმნა ხარი და დაადგა უღელი შვილსა თვისსა, ააგორა ბორბალი იავარქმნად სხვათა ტომთა; მოიმარჯვა  ცავარსკვლავეთის ცოდნა მორჩილებისათვის ხალხთა; დალახნა წყალნი და ხლემნი მოზიდვად დავლისა და ილეკროთა , განსწავლნა ერი მომსპოლველისა რწმენისა განსავრცელებლად და ახარა ვაზი სამებრუვეოდ მოდგმათა.

ხედვიდა ერი მას ურჩხულსა განსხეულებულს, ხორცქმნილს და მსახლობელს თვისთა სრა-სასახლეთა შინა გუშაგად მამონისა და ჰმორჩილებდა წესსა დადებულსა მისგან, რამეთუ უჩნდა იგი საწადელ, თუცა საზრდელი მისი - ხორცი და სული ერისავე.

მაშინ ჰრქვა თუთაშხამან:
- შეიმუსრა სიყვარული, რამეთუ არა აქვნდა მას სატევარი მძლეველი. აღზევდა ურჩხული, რამეთუ ძალთა მორევნითა წარსტაცა მხნეობა მამრთა და ქმნა გული მათი დედალ!

აღიღო შუბი თუთაშხამ, ამხედრდა ჰუნესა თეთრსა ზედა და განიზრახა დათრგუნვა ბოროტისა - ძალითა თვისითა , რამეთუ ღმერთი არ იყო თუთაშხა...


მეთოთხმეტე საუკუნის ხელნაწრიდან. 

წიგნიდან ,,დათა თუთაშხია''

Комментариев нет:

Отправить комментарий