ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 июля 2017 г.

ივანე ჯავახიშვილის მიერ დასახული საკუთარი სამეცნიერო მოღვაწეობის პროგრამა.

,,ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები.''

ივანე ჯავახიშვილის მიერ დასახული საკუთარი სამეცნიერო მოღვაწეობის პროგრამა.

XX ს. 30-იან წლებში, როცა ივანე ჯავახიშვილის მიმართ პერმანენტული შეტევები იმართებოდა იგი თავის გულისტკივილს ლენინგრადში მყოფ ვ.დონდუას უზიარებდა. ასეთი ერთ-ერთი ბარათის «შავი» პირიც გადარჩა, რომელიც მრავალ საყურადღებო ნიუანსს ამჟღავნებს. აი, რას წერს ივანე ჯავახიშვილი: « ...მე რომ უნივერსიტეტში შევედი და სწავლა დავიწყე, ქართულს არავინ კითხულობდა. ალ.ცაგარელი თვეობით არ დადიოდა ლექციებზე და თავის მოვალეობის შესრულებაზე სრულებითაც არ ფიქრობდა. ნ.მარი მაშინ მხოლოდ სომხურ ენას ასწავლიდა და მისი გატაცებული მუშაობა მხიბლავდა და მამხნევებდა იმ აღმაშფოთებელ გულგრილობაში, რომელსაც ცაგარელი იჩენდა ქართულისადმი.ნ.მარის ლექციები სომხურში ტექსტების თარგმნას და გრამატიკულ კომენტარებს შეიცავდა, ზოგჯერ რეალურ განმარტებებსაც. ყველა ამის მეტად საინტერესოდ და ცოცხლად იცოდა მან გადმოცემა, მაგრამ ჩემ დროს არც სომხურ მწერლობის ისტორიაში და არც, მითუმეტეს სომხეთის ისტორიაში ლექციებს არ კითხულობდა. სპარსულს ვალ.ჟუკოვსკი გვასწავლიდა ამ ენისა და ლიტერატურის საუცხოო მცოდნე. მაგრამ არასდროს მისი მუშაობა სპარსული ტექსტების თარგმნას და ზოგჯერ კომენტარებს არ გასცილებია. აღმოსავლეთის ისტორიის შესავალს გულისამრევად ვესელოვსკი კითხულობდა, რომელიც უფრო უძილობის წამლად იყო გამოსადეგი, ვიდრე ლექციად. ამგვარად, აღმოსავლეთის ენათა ფაკულტეტზე ენების გარდა მე არაფრის შესწავლა არ შემეძლო.საქართველოს ისტორია მაშინ დ.ბაქრაძის წიგნით უნდა ესწავლა ადამიანს. საბანინის «საქართველოს სამოთხე», თ.ჟორდანიას «ქრონიკების» I და II წიგნები, შიომღვიმის ისტორიული საბუთები და ექ.თაყაიშვილის «სამი ისტორიული ქრონიკა»- აი, ეს იყო მაშინდელი მთელი ავლადიდება. * მე საქართველოს ისტორია მაინტერესებდა. ამ დარგში კი არავინ მუშაობდა. ამიტომ უნდა მე თვითონვე მეცადნა გზის გაკაფვა: ისტორიის მეცნიერების რთული მეთოდოლოგია შემესწავლა, ტექსტების კრიტიკული განხილვაც მომეხერხებინა და მოპოვებული შედეგით ჩვენი ერის წარსული - უტყუარი და არა ზღაპრული - სურათის აღდგენა მეცადნა. ამიტომ ოფიციალურად აღმოსავლეთის ენების ფაკულტეტზე ჩაწერილი - ყოველთვის, როცა დრო მქონდა, ისტორიულ-ფილოლოგიური და იურიდიული ფაკულტეტის ლექციებზე დავდიოდი და ვსწავლობდი. ისტორია მე ფართო გაგებით მიტაცებდა და ჩემი მაშინდელი და ეხლანდელი რწმენითაც ისტორიკოსს საფუძვლიანი ფართო განათლება უნდა ჰქონდეს» .

საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმე რომ არ იყო სახარბიელო დღეში კარგად ჩანს ექ.თაყაიშვილის მოწმობითაც. მას თურმე საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სახელით მიუმართავს ივ.ჯავახიშვილისათვის, რომ მას «თავისი მეცნიერული მუშაობა ტფილისში გადმოეტანა და გამხდარიყო თავმჯდომარე და ხელმძღვანელი ამ საზოგადოებისა. მაშინ ჩვენ ერთი კაცის მატერიალურად უზრუნველყოფა ასე თუ ისე შეგვეძლო. სხვა ვინც იქ ვმუშაობდით უფრო მოყვარულნი ვიყავით სამეცნიერო შრომისა ვიდრე სპეციალისტები  და ამასთანავე ყელამდის დატვირთულნი ჩვენის საქმეებით. საბჭოს უმეტესად პედაგოგები შევადგენდით» .*

 «ისტორია მე ფართო გაგებით მიტაცებდა»-ო ბრძანებს მეცნიერი, მას არ აკმაყოფილებდა აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა და ხარვეზის შესავსებად და მიზნის ასასრულებლად ისტორიულ-ფილოლოგიურ და იურიდიულ ფაკულტეტებზედაც ისმენდა ლექციებს. მას «საფუძვლიანი ფართო განათლების» მიღება სურდა, რადგან საქართველოს ისტორია აინტერესებდა, რომელშიაც «არავინ მუშაობდა». მართალია ივანე ჯავახიშვილი ასახელებს ცნობილ მეცნიერებს მ.ბროსეს, დ.ბაქრაძეს, თ.ჟორდანიას, ექ.თაყაიშვილს, მ.ჯანაშვილს, მაგრამ მათ მიერ შექმნილი ფრიად საპატიო ნაღვაწით «საქართველოს ისტორიის არცერთი სამეცნიერო დარგი» არ იყო დაფუძნებული. საჭირო იყო «ისტორიის მეცნიერების რთული მეთოდოლოგიის» შესწავლა, საისტორიო ტექტსტების კრიტიკული განხილვა და მოპოვებული შედეგებით ქართველი ერის უტყუარი წარსული სურათის ჩვენება წარმოდგენა. სწორედ ამ საქმის მოგვარება დაისახა მიზნად ივანე ჯავახიშვილმა და შეასრულა კიდევაც.

ივ.ჯავახიშვილის ზემოთ მოყვანილ ამ ციტატაში გამოთქმული მსჯელობიდან ორი ფრაზა ამოვიღოთ და გვერდი-გვერდ მოვათავსოთ: «მე საქართველოს ისტორია მაინტერესებდა» და «ისტორია მე ფართო გაგებით მიტაცებდა». ე.ი. სახელოვანი ისტორიკოსის ინტერესი ისტორიის მეცნიერებაში საქართველოთი შემოისაზღვრება, მაგრამ ეს ისტორია მას ფართო პრობლემით აინტერესებს, რაც ალბათ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ზოგიერთი ცალკეული ფაქტის დადგენა კი არაა მისი მიზანი, არამედ არსებული და დადგენილი ფაქტებისა და მოვლენების ღრმა წვდომა და განზოგადება. აქედან გამომდინარე ან შეგნებული გაყალბება იყო ან შეუგნებელი უცოდინრობა, როცა ივანე ჯავახიშილს ისტორიკოს-ფაქტოლოგად თვლიდნენ. მისი თუნდაც ერთი რომელიმე მონოგრაფიის თავიდან ბოლომდე ყურადღებით გადაკითხვა ამ აზრს გააბათილებდა. საკუთარი ერის წარსულის გამოკვლევას მარტო შემეცნებითი მიშვნელობა არა აქვს, არამედ იგი პრაქტიკული საჭიროებაცაა. კერძოდ ისტორია თვითშემეცნების და პირველ რიგში ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიებას და ფორმირებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა ახალგაზრდა ივანე ჯავახიშვილს ფართო განათლება და ისტორიაც ფართოდ ამიტომაც იტაცებდა.

 1904წ. 28 წლის ივანე ჯავახიშვილი დიდ ქართველ პედაგოგს იაკობ გოგებაშვილს ეკამათება, სამართლიანად უწუნებს მას «ადვოკატურ, გამოსარჩლებითი ისტორიის» წერის მოთხოვნას და ხაზგასმით ამბობს «ისტორიკოსი მოვალეა მხოლოდ მეცნიერულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს ამა თუ იმ ერის წარსული, გამოიკვლიოს, რა და რა პირობებსა და მიზნებზე იყო დამოკიდებული სახელმწიფო, მისი საზოგადოებრივი და ზნეობრივი განვითარება თუ წარმატების მიმდინარეობა. ის მეცნიერი, რომელიც მეცნიერების წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად აასრულებს, ის უეჭველია იმავე დროს ქართველ საზოგადოებასაც სარგებლობას მოუტანს, იმიტომ რომ ყოველი განათლებული ეროვნებისათვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებელია იცოდეს თავისი წარსული საზოგადეობრივი ცხოვრების ისტორია; უნდა იცოდეს, რასაკვირველია, უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი» .

ივანე ჯავახიშვილის პოზიცია მკვეთრია და ორლესულივით ბასრი. იგი იოტის ოდენა შესაძლებლობასაც არ ტოვებს პატრიოტიზმის მომიზეზებით ყალბისქმნელობა გამართლდეს. «ცხადია ადვოკატური ისტორიის დაწერა მხოლოდ იმ მეცნიერს შეუძლია, ვინც არავითარ ზნებრივ მოვალეობას არა გრძნობს მეცნიერების წინაშე»-ო აცხადებს ახალგაზრდა ისტორიკოსი . შეიძლება მოგვეჩვენოს ივანე ჯავახიშვილის მსჯელობაში მეცნიერება და სამშობლო ერთმანეთისადმი იყოს დაპირისპირებული და იგი პირველის მხარეს იჭერდეს. ვინც კი კარგად ჩაუკვირდება დიდი მეცნიერის თითოეულ სიტყვას, ამდაგვარი დასკვნისათვის არავითარი საფუძველი არ შერჩება ხელთ. ივანე ჯავახიშვილი პირუთვნელობის მომხრეა მეცნიერებაში. სხვაგვარად მეცნიერება მეცნიერება არც იქნებოდა. მეცნიერება ხომ ჭეშმარიტებათა ძიებაა და თუ ჭეშმარიტების ნაცვლად მეცნიერი სიყალბისკენ მიდრკა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, მაშინ მის მეცნიერებასაც საფუძველი გამოეცლება. მაგრამ იქნება სამშობლოს სიყვარული ავალდებულებდეს სწავლულს შეგნებულად წავიდეს ამ გზით? ამ კითხვაზე ივანე ჯავახიშვილი უარყოფით პასუხს იძლევა, რადგან ამგვარი მოქმედება არავითარ სარგებლობას არ მოუტანს სამშობლოს. «მაგრამ იქნებ მამულისშვილური გრძნობა, მხურვალე სიყვარული სამშობლოსადმი აიძულებდეს მეცნიერს «გამოსარჩლებითი», გაზვიადებული ისტორია წეროს ხოლმე? (...) ამგვარი ისტორია უნაყოფოა ხოლმე პოლიტიკაში. გაზვიადებული ადვოკატური ისტორიის საჭიროებას მხოლოდ ის უნდა გრძნობდეს, ვინც წარსულში ეძებს ხსნას. ან ვისაც წარსულის შესწავლით სურს თავისი ეროვნული შელახული გრძნობა დაიკმაყოფილოს და დამშვიდდეს. ხოლო ამგვარი სურვილი აზრადაც არ უნდა მოუვიდეს იმ ეროვნების წარმომადგენელს, რომელიც სიცოცხლესა და მოქმედებაზე ფიქრობს (...) ქართველმა ისტორიკოსმა სრულიად პირუთვნელად უნდა შეისწავლოს თავისი ერის წარსული, პირუთვნელად უნდა წარუდგინოს თავის სამშობლოს წარსული თანამემამულეებსა და უცხოელებსაც, რადგან მას არ უნდა დაავიწყდეს, რა დიდი ღვაწლიც უნდა მიუძღვოდეს ეროვნებას წარსულში თუ იგი აწმყოში არას წარმოადგენს, ბრწყინვალე წარსული ვერას უშველის (ხაზგასმა ჩემია, დ.ს.)... აწმყოა მხოლოდ მხედველობაში მიღებული, აწმყო კულტურული».


აწმყო რომ კეთილი იყოს და მომავალიც საიმედო სათანადო გარჯაა საჭირო. ივანე ჯავახიშვილის აზრით ისტორიკოსის შრომა მის პირუთვნელობაზე უნდა იყოს აგებული. მხოლოდ იგი მოიტანს სასურველ შედეგს. «თუნდაც რომ გამოკვლევამ ქართველ მეცნიერს დაანახვოს, რომ იმის სამშობლოს წარსული თავისებურსა და დიადს არაფერს წარმოადგენს, მაინც იგი არ უნდა შეუშინდეს თავისი დასკვნის გამოქვეყნებას». აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერი და იქვე განმარტავს: «თუ წარსულში რამე ნაკლი გვქონდა, ამას დამალვა კი არა გამომჟღავნება უნდა: მხოლოდ იმას, ვინც თავის ნაკლს შეიგნებს, შეუძლია იგი თავიდან მოიშოროს» .


ნაკლის შემჩნევა კი ერის ცხორების საგულდაგულო კვლევა-ძიების გარეშე შეუძლებელია. ეს კვლევა-ძიება კი თვისებრივად ახალ სიმაღლეზე უნდა დადგეს, თორემ ის თითო-ოროლა ნაშრომი, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლამდე იყო გამოცემული, სახარბიელო სულაც არ იყო. ახალგაზრდა ივანე ჯავახიშვილს ყოველივე ეს ძალზე ღრმადა აქვს გაცნობიერებული
და დიდი მომზადებითა და სიდინჯით იწყებს ქართველი ერის ისტორიის ყოველმხრივ შესწავლას. ასეთი დიდი მოცულობის და საპასუხისმგებლო საქმის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, საჭირო იყო გარკვეული თეორიული საფუძვლების შექმნა, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მომავალ კვლევა-ძიებას. ამავე დროს მასში უნდა გათვალისწინებული ყოფილიყო ის მიღწევები, რაც საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით არსებობდა, ყოველივე ეს უახლესი მეთოდოლოგიით უნდა დამუშავებულიყო. სწორედ ამ მიზნით ივანე ჯავახიშვილი იწყებს კაპიტალურ ნაშრომთა სერიაზე მუშაობას, რომელსაც ასე უწოდა: «ისტორიის მიზანი, წყაროები
და მეთოდები წინათ და ახლა». მაგრამ, სანამ ამ ნაშრომის წერას შეუდგებოდა, მან სრულიად ახალგაზრდამ - 26 წლისამ 1902წ. 18 ნოემბერს პეტერბურგის უნივერსიტეტში წაიკითხა შესავალი ლექცია «აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია და საქართველოსა და სომხეთის ისტორიის მონაცემები». ახალგაზრდა მეცნიერი ამლექციის პირველსავე წინადადებაში ეხება იმ პროგრამის მონახაზს, რომელსაც შემდეგ მთელი თავის ცხოვრებას მიუძღვნის:

 «ბატონებო! შესავალ ლექციას ჩვეულებრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხოლმე: იგი თითოეული ახალგაზრდა სწავლულის, რომელიც უნივერსიტეტში ერთ-ერთ კათედრის წარმომადგენლად გამოდის, სამეცნიერო პროგრამის გამომხატველია, ამასთანავე, იგი იმ მიმართებულების დამახასიათებელია, რომელსაც ადგია თავის სპეციალურ საგანში, რომელიც მის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულების არსებითი დამახასიათებელი იქნება».

კონკრეტულად რა არის ამ პროგრამის არსი?
იმ პერიოდში, როცა ივანე ჯავახიშვილი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდიოდა სრულყოფილად შესწავლილი იყო მხოლოდ ევროპის ქვეყნების ისტორია, მკვლევარებიც ევროპელები იყვნენ, რომლებიც სრულიადაც არ იცნობდნენ აღმოსავლეთს, ან ცუდად იცნობდნენ. ამიტომაც მეცნიერებაში ევროპოცენტრიზმის იდეა ბატონობდა, რომლის მიხედვითაც პროგრესის მატარებელი და შემქმნელები ევროპელები არიან, აღმოსავლეთის მკვიდრნი კი სამუდამოდ ჩამორჩენილობისათვის არიან განწირულნი. მათ არც არასდროს შეუქმნიათ რაიმე ფასეული და არცაა მოსალოდნელი ოდესმე შექმნან.

ივ. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამ მკვლევართა საერთო აზრით «აღმოსავლეთის ყველა კულტურის საერთო ნიშნად ითვლება მეტად თუ ნაკლებად ერთ წერტილზე გაყინვა, კარ-ჩაკეტილობა, წოდებათა და კლასთა უქონლობა, წოდებრივსა და კლასობრივი ბრძოლის არქონა, ერთი სიტყვით, სულიერი და სოციალური უძრაობა.''

ამ ძირშივე მცდარი შეხედულების გამაბათილებელი მაგალითები ამავე ლექციაში მოიყვანა ივანე ჯავახიშვილმა საქართველოს ისტორიიდან, მაგრამ ეს იყო მხოლოდ საწინააღმდეგო აზრის არსებობის სამართლიანობის ილუსტრაცია. საჭირო იყო დიდი სამუშაოს ჩატარება და აღმოსავლეთის შესწავლის იმ დონემდე აყვანა, რა დონეზეც მეცნიერება ევროპის ხალხთა ისტორიის შესწავლის საქმეში იდგა. ამიტომაც ივანე ჯვახიშვილი სახავდა ამოცანას «რომ შესწავლილ და დადგენილ იქნას ის ძირითადი ფაქტორი, რომლებიც წარმოადგენენ აღმოსავლეთის ხალხთა სოციალური ცხოვრების შემართებელ რგოლებს, რომელთაც, მიუხედავად რასობრივი წარმოშობის სხვაობისა და პოლიტიკური განვითარების დაბრკოლებისა, მაინც შეჰქმნეს მათი სახელმწიფოებრივი და საზოგდოებრივი კულტურის ესოდენ მსგავსი ნიშნები (...) თუ ეს ამოცანა არ იქნა შესრულებული, გადაწყვეტილი, ისე, უიმისოდ აღმოსავლეთი ისტორიაც და ეგრეთწოდებული მსოფლიო, ანუ ზოგადი ისტორია, იქნება მარტო ცალკეულ ხალხთა ან სახელმწიფოთა ისტორია» ..ამ კონტექსტში უნდა შეწავლულიყო საქართველოს ისტორიაც.


ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხულ ამ შესავალ ლექციას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ საპროგრამო სიტყვა. მართალია, მას მანამდეც ჰქონდა ჩატარებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა-ძიება და ნაშრომებიც ჰქონდა გამოქვეყნებული, მგრამ ეს ლექცია უნდა ჩაითვალოს ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დიდი გზის ოფიციალურ განცხადებად და დასაწყისად. აი, თურმე როგორი «ფართო გაგებით იტაცებდა» ისტორია ივანე ჯავახიშვილს სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსასვლელად. მას სურდა, რომ ქართველი ერის ისტორიის შესწავლა იმ დონეზე დამდგარიყო, რომ განმაზოგადებელი ნაშრომების წერა ადვილი გამხდარიყო. თავის «ქართველი ერის ისტორიის» III გამოცემის წინასიტყვაობაში გულისტკივილით აღნიშნავდა დიდი ისტორიკოსი: «საქართველოს ისტორიის მეცნიერულ, კრიტიკულ შესწავლას ჯერ იმ დონემდე არ მოუღწევია, რა დონეზედაც ძველი საბერძნეთისა, რომისა და დასავლეთი ევროპის ისტორია იმყოფება, რომ ისტორიკოსმა ძირითადი ფაქტების უცილობლობის წყალობით თითქმის სრულებით დაუსაბუთებლად სწეროს და მარტო ზოგადი პრობლემების განხილვით იყოს გატაცებული». ივანე ჯავახიშვილი ხაზგასმით ამბობს: «მეცნიერ-ისტორიკოსს უნდა ახსოვდეს ის ზნეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მას აწევს და რომელიც მას ავალებს დაუსაბუთებელი ჰიპითეზები ისტორიის სინამდვილედ არ წარმოადგინოს».


როცა დასავლეთ ევროპის ისტორიის დარად იქნებოდა აღმოსავლეთის ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ისტორიაც გამო- კვლეული, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა თეორიული საკითხების უკეთ გაშუქება ანუ ისტორიის ფილოსოფიის იმ საკითხების წარმოჩენა, რომელნიც ივანე ჯავახიშვილის აზრით წარმოადგენს საისტორიო «მცნიერების უზენაეს მიზანს» . მ.დუმბაძე აღნიშნავს: «ავტორი, უფრო «სრულყოფილი» ისტორიის დაწერას შესაძლებლად თვლიდა მეორე საფეხურზე - ფაქტობრივი მასალის ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ. ფაქტობრივი ძიებისადმი მიძღვნილ ნაშრომს ივ.ჯავახიშვილი «საისტორიო გამოკვლევას» უწოდებდა; ნამდვილი ისტორია, მისი აზრით, უნდა დაწერილიყო მაღალ თეორიულ დონეზე, განტვირთული ფაქტების კრიტიკული განხილვის მსჯელობისაგან». სწორედ ფაქტების კრიტიკული და სკრუპლუოზური შესწავლისა და დადგენის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, იმ ამოცანის განხორციელება, რა მიზნითაც იქნა ჩატარებული მთელი ეს საისტორიო კვლევა-ძიება გაგვეგო საზოგადოების აღმავლობისა თუ დაქვეითების, საერთოდ «ისტორიული პროცესის საფუძველი და ამამოძრავებელი ძალა» რაში მდგომარეობდა. სწორედ ამიტომ იყო განმაზოგადებელი ნარომის - «ისტორიის ფილოსოფიის» დაწერა საისტორიო კვლევა-ძიების «უზენაესი მიზანი». ამ განზოგადებულ თეორიულ ნაშრომში ქართველი ერის ისტორიას თავისი ადგილი უნდა დაეკავებინა. «საქართველოს, სომხეთის, სპარსეთისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიაზე დამყარებულ დაკვირვებათა გათვალისწინებით ისტორიის ფილოსოფიის ყველა საკითხების საგანგებოდ განხილვას ვფიქრობ» - წერდა მოგვინებით უკვე სახელმოხვეჭილი ისტორიკოსი. ე.ი. ივანე ჯავახიშვილი აღმოსავლეთის იმ ქვეყნების ისტორიასთან კავშირში, რომელთანაც საქართველოს მჭიდრო ცხოვრება და ურთიერთობა უხდებოდა, აპირებდა საგანგებო კვლევა-ძიების ჩატარების შედეგად ზოგადი კანონზომიერებების დადგენას, რომლებიც განსაზღვრავდა ამ ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ცხოვრების პირობებსა და მიმართულებას.

ამ დიდ სამეცნიერო ამოცანას ივანე ჯავახიშვილი საკუთარი ერის მომავალს უკავშირებდა. უკეთ რომ ვთქვათ, სწორედ საქართველოს ბედი აწუხებდა და ამიტომაც მოხაზავდა ასე ფართო პრობლემატიკას, რომლის ხორცშესხმა მის ერს დაუმკვიდრებდა იმ ადგილს სხვა ერთა შორის, რომელსაც საუკუნეობრივი ბრძოლითა და შრომით იმსახურებდა. სწორედ ამიტომ დაარსა თბილისში უნივერსიტეტი და, როგორც სამართლიანად მიუთითებდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, განსაზღვრა არა მარტო საისტორიო მეცნიერების, არამედ საერთოდ მთელი ქართული მეცნიერების შექმნა-ჩამოყალიბება.

დავით სართანია

გამომცემლობა ”ენა და კულტურა”
თბილისი
2002 

Комментариев нет:

Отправить комментарий