ღმერთი

ღმერთი

среда, 12 июля 2017 г.

პური სიცოცხლისა.

თავი 5: მეორე პასექი: პური სიცოცხლისა (6,1-71)


„ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული“. პურთა განმრავლება უფუარობის კვირას გვახსენებს, წყალზე სიარული - მეწამულ ზღვაზე გადასვლას, პეტრეს მიერ ქრისტეს აღიარება თორმეტის სახელით - ღმრთის ახალი ისრაელის დაბადების საწინდარია. წინ უკვე იკვეთება იესოს დიდი პასექი, აღთქმის ნადიმი, რომელზეც პური ქრისტეს სხეულად გარდაიქცევა; ფერხთბანა მონობიდან ღმერთთან მეგობრობაზე გადასვლის სიმბოლოა: „მე აღარ გიწოდებთ მონებს... არამედ მეგობრები გიწოდეთ“ (იოან. 15,15). კრავის მსხვერპლი და აღდგომა, რომლებიც გვიხსნიან გზას სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ, კვლავ ნაუწყებია ამ მეორე პასექისას (,,ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს”), ისევე, როგორც პირველი პასექისას:

„დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას“ (იოან. 2,19-21).

იოანეს სახარება არ გადმოგვცემს ევქარისტიის დადგინებას საიდუმლო სერობისას. აქ მას ფერხთბანა ცვლის. თუმცა ევქარისტიული მოძღვრება სრულადაა გადმოცემული მე-6 თავში: იესო საუბრობს პურზსა და ღვინოზე, როგორც თავის ხორცსა და სისხლზე. იესოს სიტყვა მჭიდროდ უკავშირდება უფუარობის შვიდეულსა და უდაბნოს ზეციურ პურს (გამ. 16). პასექისას მორწმუნეები უფუარ პურს ჭამენ. თავდაპირველად ეს წესი საფუარის საგაზაფხულო განახლებას უკავშირდებოდა: ეგვიპტეში პური საფუარის გარეშე ცხვებოდა მანამ, სანამ ერთმა ებრაელმა არ აღმოაჩინა, რომ ცომის ასაფუებლად მას ცოტაოდენი ძველი ცომი უნდა შეეზილოს. წელიწადში ერთხელ საჭიროა ამ ფერმენტის განახლება, ამიტომ ძველი ცომი უნდა განადგურდეს. ამ დროს ებრაელები გულმოდგინედ ასუფთავებდნენ სახლს, რათა ძველი ცომის კვალიც კი არსად დარჩენილიყო. ეს ჩვეულება საფუძვლად უდევს უფუარობის შვიდეულს. როგორც ბუნებრივ ციკლთან დაკავშირებულმა ყველა დღესასწაულმა, უფუარობის შვიდეულმა ისრაელისთვის ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა. ეს ეგვიპტიდან გამოსვლის მოხსენიებაა: ისრაელიანნი ნაჩქარევად ტოვებდნენ ეგვიპტეს და უფუარი ცომის წაღება მოუწიათ. ეს იყო მათი საკვები უდაბნოში მგზავრობის პირველ დღეებში. საზრდო რომ შემოაკლდათ, ხალხმა ღმერთს მოუხმო და მან ზეციური პური მოუვლინა.


1. პურთა განმრავლება (6,1-15), მეოთხე ნიშანი


პურთა განმრავლებას ოთხივე მახარებელი გადმოგვცემს, თუმცა იოანეს თხრობას განსხვავებული ნიშნები აქვს.

აქ ინიციატივა ეკუთვნის თავად იესოს და არა მის მოწაფეებს: „ეუბნება ფილიპეს: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ვაჭამოთ?“ ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თორემ თავად კი იცოდა, რასაც მოიმოქმედებდა“. მეორე რჯულის წიგნში ვკითხულობთ: „უფალი /.../ უდაბნოში გკვებავდათ მანანით, რომელსაც არ იცნობდნენ შენი მამები, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე“ (რჯლ. 8,16). იესოს გამოცდა სურს. იგი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს მოსეს შეკითხვას ღმრთისადმი: „სადა მაქვს მე ხორცი, რომ მივცე მთელ ამ ხალხს?” (რიცხ. 11,13). ფილიპე უპასუხებს იესოს: „ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც ერგოს“. ეს კი გვაგონებს მოსეს შეპასუხებას ღმრთისადმი, რომელიც მთელი ხალხის დაპურებას ჰპირდება: ,,იქნებ მთელი ზღვის თევზი მოგროვდეს, რომ ეყოს მათ?“ (რიცხ. 11,22).

იოანესთან მრავლად არის მითითებები რიცხვთა წიგნის მე-11 თავზე1.: მისთვის პურთა განმრავლება უდაბნოს სასწაულების მსგავსია.

ანდრია, ფილიპეს განუყრელი მეგობარი (იხ. იოან. 12,22), ატყობინებს მათ, რომ ვიღაც ბიჭი მზადაა, თავისი საკვები სხვებს გაუნაწილოს. მაგრამ იგი ღარიბია და მისი საკვებიც მწირია: მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი აქვს. ეს ,,წვრილმანები” მოწოდებაა გულთა ბავშვური სისადავისაკენ: ყრმას ის მცირედიც კი არ დაენანა, რაც ჰქონდა, და ამით იესოს ხალხის დაპურების საშუალება მისცა: განმრავლებისათვის რაღაც მაინც უნდა გქონდეს.

„აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს“. კურთხევის ფორმულა პირველ საკრაბულოთა ევქარისტიულ ლიტურგიას გვაგონებს. გამოთქმა - „მადლი შესწირა“ (ბერძ. eucharistein) თავად საიდუმლოს სახელწოდების წყაროა. ეს ზმნა კვლავ მეორდება 23-ე მუხლში, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას: იოანესთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანის გამეორება, რადგან პირველი წაკითხვისას იგი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. იოანეს თხრობაში პურს თავად იესო ჩამოარიგებს და არა მოწაფეები, როგორც სინოპტიკურ სახარებებშია. მან ჩამოურიგა, „ვისაც რამდენი უნდოდა“: ულუფა ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული. იგივე ხდება ევქარისტიის საიდუმლოშიც: იესო სრულად გასცემს საკუთარ თავს, ზომის გარეშე, მიმღები კი მიიღებს სურვილით (იხ. სიბრძ. 16,25). ხალხი დანაყრდა და აღარაფერი სჭირდება, საზრდო კი მეტი დარჩა, ვიდრე თავიდან იყო. „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს“ - უბრძანებს იესო მოწაფეებს. აქაც ვხედავთ კავშირს ევქარისტიასთან. იესოს ნიჭები და მადლი უნდა მოქმედებდეს, არაფერი არ უნდა დაიკარგოს. ეს ბრძანება შეიძლება გავიგოთ ქრისტეს უწყების, ღმრთის სიტყვასთან მიმართებაშიც: იგი გულმოდგინედ უნდა მოგროვდეს და არ შეიძლება უმოქმედო დარჩეს (იხ. ეს. 55,11), ისევე, როგორც ღმრთის მადლის ნიჭი ან საიდუმლოებაში მიღებული ხორცი, რომლის არც ერთი ნაწილაკი არ უნდა დაიკარგოს.

ხუთი პურის ნამუსრევით თორმეტი კალათა აივსო. 12 - ისრაელის ტომთა და მოციქულთა რიცხვია (იხ. 5,67-70). ახალი ისრაელი, რომელსაც მოწაფეები მოაგროვებენ, განმრავლებაა ქრისტეს კაცობისა, რომლის სიმბოლოც ხუთი პურია: 5 - სრულყოფილი ადამიანის რიცხვია (ხუთი გრძნობა, ხელის მტევნის ხუთი თითი, ქრისტეს ხუთი ჭრილობა, აგრეთვე გოლიათთან საბრძოლველად მიმავალი დავითის ხუთო ქვა - 1მეფ. 17,40).

დაპურების შემდეგ თევზის ხსენება აღარაა და კვლავ გამოჩნდება მხოლოდ 21-ე თავში, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ტბის პირას მოწაფეებს მისცემს მას. ოღონდ ეს უკვე შემწვარი თევზია - თევზი, რომელმაც ვნების ცეცხლი გამოიარა.

ამ სასწაულის მოხდენის შემდეგ იესოს წინასწარმეტყველად აღიარებენ და მისი გამეფება სურთ. სიტყვა ,,მესია” (ბერძნულად ,,ქრისტე”) სწორედ ცხებულს ნიშნავს. მაგრამ ცხებულნი არა მხოლოდ მეფეები და წინასწარმეტყველები იყვნენ, არამედ მღვდელთმთავრებიც. იესო არ არის წინასწარმეტყველი ან მეფე კაცობრივი გაგებით. იგი მღვდელთმთავარია, შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის. მაგრამ სწორედ ეს ვერ გაიგეს მათ. ამიტომ განმარტოვდა იესო მთაზე.

__________________

1. დრტვინვა (რიცხ. 11,1 და იოან. 6,41-43); მანანა და ხორცი (რიცხ. 11,13 და იოან. 6,31; 6,51); ზღვის თევზი (რიცხ. 11,22 და იოან. 6,9.12).


2. წყალზე სიარული (6,16-21), მეხუთე ნიშანი


როცა მოსაღამოვდა... უკვე ჩამობნელებულიყო... ძლიერმა ქარმა დაუბერა... ზღვა აღელდა. აქ გამოსვლის წიგნის მე-14 თავის ყველა ელემენტია შეკრებილი: წყალზე სიარული ახალი გადასვლაა ზღვაზე, ეს პასექის ღამის მოხსენიებაა.

ზეციური მანანა უკავშირდება ზღვაზე გადასვლას ისრაელის პოეტურ ტრადიციაშიც:

„ღმერთო, წმიდაა შენი გზა! როდესაც გიხილეს წყლებმა, ღმერთო, როდესაც გიხილეს წყლებმა, ახმაურდნენ, ზღვათა უფსკრულებიც კი შეძრწუნდნენ. ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი კი მდინარეებში, და შენი კვალიც არ არის ცნობილი. უძღოდი, ვითარცა ფარას, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით“ (ფსალმ. 77[76],14.17.20-21).

„...აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა... შიოდათ, სწყუროდათ კიდეც... გააძღო სული მწყურვალი, და სული მშიერი აავსო სიკეთით... ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა... ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი, და ზეაღიმართებიან ზვირთები... და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან გამოიყვანა. გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ; და წარუძღვება ნანატრ ადგილას“ (ფსალმ. 107[106], 4-5.9.23.25.28-30).

„განა შენ არ ამოაშრე ზღვა, წყლები დიდი უფსკრულისა? „თავად მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი... მალე განთავისუფლდება... და არ დააკლდება მას პური. და მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ზღვის ამღელვებელი, და გრიალებენ მისი ტალღები. უფალი ცაბაოთია მისი სახელი. მე ჩავდე ჩემი სიტყვები შენს პირში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე შენ, რომ მომეწყო ზეცა და დამეფუძნებინა დედამიწა და მეთქვა სიონისათვის: „ჩემი ერი ხარ შენ!“ (ეს. 51,10.12.14-16).

ისრაელის გადმოცემის კალაპოტში მოთავსებული ეს მოვლენა წარმოგვიჩენს ქრისტეს არა მხოლოდ როგორც ახალ მოსეს, არამედ როგორც თვით ღმერთს. იგი ყოველგვარი წინასწარი შეკითვის გარეშე ამბობს: „მე ვარ, ნუ გეშინიათ“ - ანუ ღმრთის სახელს ითავისებს და იმეორებს ბრძანებას, რომელიც მრავალჯერ მოუცია ღმერთს თავისი ხალხისთვის: „ნუ გეშინიათ“. კიდევ იმიტომ ვხედავთ აქ ღმრთის მოვლინებას, რომ როგორც კი მისი ნავში აყვანა მოინდომეს, „ნავი მაშინვე იმ ქვეყანაში გაჩნდა, სადავ მიდიოდნენ“ (იხ. ფსალმ. 107[106],30. სინოპტიკოსები ხაზს უსვამენ იესოს ძალაუფლებას სტიქიაზე).

ეს ეპიზოდი პასუხობს იუდეველთა სიბრმავეს და გვიცხადებს იესოს ჭეშმარიტ პიროვნებას; იგი შუქს ჰფენს კამათს სიცოცხლის პურზე, რომელიც მალე წამოიჭრება.


3. სიტყვა სიცოცხლის პურზე (6, 22-59)



ეს ტექსტი შეიძლება გავყოთ სამ ნაწილად: კამათი იუდეველებთან და სიტყვა სიცოცხლის პურზე, რომელიც მსმენელთა რეაქციით ნიშანდებული სამი ეტაპისგან შედგება: ცოცხალი პური, ზეციდან ჩამომავალი; სიცოცხლის მომცემი პური; კაცის ძის ხორცი.

ა) კამათი იუდეველებთან (26-34)

„იმიტომ კი არ მეძებთ მე, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური შეჭამეთ და გაძეხით. ნუ იხარჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ თქვენ“.

ქრისტე მოგვიწოდებს, დავძლიოთ ნიშანთა, სასწაულთა მატერიალურობა და უტილიტარობა, რათა შევიდეთ იმ უხილავ სამყაროში, რომელსაც ეს სასწაულები გვიცხადებს - შინაგანი ცხოვრების სამყაროში. „ხილვა“ იოანესთან ყოველთვის „რწმენას“ უკავშირდება. ნიშანთა ხილვა იესოს მაცხოვნებელ მოქმედებათა დანახვაა. ხილვას რწმენისკენ მივყავართ, ანუ არჩევანისკენ, გადაწყვეტილებისაკენ. ამიტომ „ხილვა“ მოწოდებაა „შრომისკენ“, სულიერი საზრდოს მოპოვებისაკენ. ეს შრომა არის რწმენის გაღრმავების ძალისხმევაა, რაც გაუნელებელ თავგანწირვას მოითხოვს. რწმენა მოქმედებაში ვლინდება, თუმცა ეს მოქმედება რწმენის მიზანი კი არაა, არამედ ნაყოფი:

„უთხრეს მას: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, რომელიც მან მოავლინა“”.

ღმერთი ელის ადამიანს, რომელიც მისკენ მიისწრაფის. მას სიყვარული სურს და არა თვითკმაყოფილება რაღაც ზნეობრივი კოდექსის აღსრულებით, რომელიც აკრძალვებისა და კეთილი საქმეების ჩამონათვალისაგან შედგება. ამიტომ საზრდო, რომელიც უნდა ეძიოს ადამიანმა, ქრისტეს სიტყვაა. ამოს წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ:

„აჰა, დგება დღეები“ - ამბობს უფალი ღმერთი, - „როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვის მოსმენისას“ (ამოს. 8,11-13).

ესაია ეხმიანება მის სიტყვებს:

„როგორც თოვლი და წვიმა ჩამოდის ზეციდან და იქ აღარ ბრუნდება, თუ არ დაარწყულა დედამიწა, თუ არ გაანაყოფიერა და ააყვავა იგი, არ მისცა თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასეთი იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან; არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მოვავლინე“ (ეს. 55,10-11).

იუდეველები მიხვდნენ ამას და აღარ ითხოვენ მითითებებს, თუ როგორ მოიქცნენ. ახლა სხვა გარეგან ნიშნებს სთხოვენ, სხვა მოქმედებას იმის ძალაუფლების დასამტკიცებლად, ვინც მათგან თავისუფალ თავგანწირვას მოითხოვს.

იესოს უარყოფის გასამართლებლად ისინი წმიდა წერილს მიმართავენ („პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ“ (ფსალმ. 78[77],19). მაგრამ წმიდა წერილის ცოდნით იესო აღემატება მათ და საუბრობს, როგორც სჯულის ჭეშმარიტი მასწავლებელი. იგი განუმარტავს, რომ პურის მომცემი არა მოსეა, როგორც იუდეველებს ჰგონიათ, არამედ თვით ღმერთი.

ქრისტიანული ეპოქის დასაწყისის ებრაული ლიტერატურისთვის დამახასიათებელია მანანის სასწაულის გამეორების მოლოდინი. ფილონი და იმ დროის ბევრი სხვა მწერალი მანანას ადამიანისათვის გადაცემული სიბრძნის, ღმრთის სიტყვის ან სჯულის სიმბოლოდ მიიჩნევდა.

ამგვარი შედარება დასაბამს იღებს ზოგიერთი ძველ-აღთქმისეული ტექსტიდან, სადაც მანანა სიტყვის სახეა (რჯლ. 8,3 და სიბრძ. 16,26). იგავთა წიგნში განსახიერებულმა სიბრძნემ „სუფრა გააწყო. მოუწოდა ქალაქის მაღლობთა წვერიდან: „მოდით, ჭამეთ ჩემი პური“ (იგავ. 9,2-5). მანანის სასწაულის, როგორც სიბრძნის სახის ალეგორიული განმარტება არ არის ახალი. იგი ისრაელის ხანგრძლივი ფიქრით შემზადდა. რიცხვთა წიგნი მანანაში ხედავს გამოცდას, ისრაელის გულისთქმისთვის მოვლენილს (რიცხ. 11); მეორე რჯულის წიგნში იგი წმიდა ხალხის ერთგულებისა და ნდობის გამოცდაა, რათა იგი მიხვდეს, „რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (რჯლ. 8,3; მათ. 4,4). სიბრძნის წიგნი კიდევ უფრო განავრცობს აზრს: „რათა სცოდნოდათ შენს შვილებს, რომ შენი სიტყვა იცავს ყველას, ვისაც სწამს შენი“ (სიბრძ. 16,26). ამრიგად, ქრისტემდე ერთი საუკუნით ადრე სიბრძნის წიგნის ავტორი ხედავდა მანანაში ღმრთის სიტყვის ნიშანს, „ზეციდან გამოგზავნილ პურს (ბერძ. „უკვდავების პურს“), ყველასთვის სანუკვარს და საამოს“ (სიბრძ. 16,20) და „ცხოველმყოფელ მადლს“ (სიბრძ. 16,25). ამ ბიბლიურ და რაბინულ კონტექსტში იესოს კამათს იუდეველებთან შემოაქვს ალეგორია, რომელიც ქრისტეს, სიბრძნესა და ღმრთის სიტყვას პურთან აიგივებს.

სამარიელ დედაკაცთან საუბრის პირველი ნახევარი სრულდება თხოვნით: „ბატონო, მომეცი ის წყალი“ (იოან. 4,15). აქაც სთხოვენ იუდეველები: ,,უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური“. ეს აძლევს იესოს საშუალებას, ბოლო მოუღოს ყოვლგვარ ორაზროვნებას: „მე ვარ პური სოცოცხლისა“.

ბ) პური სიცოცხლისა ზეციდან ჩამომავალი (35-42): სიბრძნე განკაცდა

იესოს პირველი რეპლიკა იწყება სიტყვებით „მე ვარ“, რაც ასე დამახასიათებელია იოანეს სახარებისთვის. ეს მოხსენიებაა ღმრთის სახელისა, რომელიც განუცხადდა მოსეს ალმოდებული მაყვლოვანიდან:

„მე ვარ, რომელიც ვარ“. და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ - მე-ვარმა მომავლინა-თქო თქვენთან“ (გამ. 3,14).

ამის შემდეგ იესო ამბობს: „ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება“. ამ სიტყვებით იგი თავს ღმრთის სიბრძნესთან აიგივებს და აშკარად უთითებს იგავ. 9,1-16-სა და ზირ. 24,19-22-ზე. ამ ტექსტებში სიბრძნე გვევლინება, როგორც ღმრთისაგან განსხვავებული მყოფობა, სამყაროს შექმნამდე მყოფი, ღმრთის მიერ ისრაელისთვის მოვლენილი (ზირ. 24,9; იგავ. 8,23). ზირაქის წიგნში ვკითხულობთ: „ჩემს მჭამელთ კიდევ მოშივდებათ და ჩემი მსმელნი კვლავაც იგრძნობენ წყურვილს“ (ზირ. 24,20), რადგან ეს სიბრძნე წიგნია „უზენაესი ღმერთის აღთქმისა, სჯული, მოსემ რომ გვიანდერძა“ (ზირ. 24,23). ქრისტე კი საკვებია, რომელიც კლავს შიმშილსაც და წყურვილსაც (იოან. 6,37).

„მოსვლა“ იოანესთან „ხილვის“ წინა ეტაპია. ეს არის ნდობა და პირველი გამოცდილება. მაგრამ მომსვლელი ვერ დაიკვეხნის თავისი მოსვლით, რადგან ქრისტესთან მოსვლაც ნიჭია: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (მუხლ. 44). მადლი წინ უსწრებს ადამიანის ნებას. ადამიანთა სწრაფვა ღმრთის ძისაკენ ერთდროულად ღმრთის საქმეც არის და ადამიანისაც. და ეს ხსნის საფუძველია.

საზრდო, რომელსაც იესო სთავაზობს, იგივეა, რაც 4,34-ში: „ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება (ანუ ნება ყოველი ადამიანის ხსნისა) და აღვასრულო მისი საქმე“. რწმენით შეგვერგება ეს საკვები, რწმენით მივიღებთ სიცოცხლეს. იესო არის პური სიცოცხლისა, რადგან მამის ნების ერთგულებით იძლევა მარადიულ სიცოცხლესა და აღდგომას, „რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს“ (მუხლ. 40). აქ არის იოანეს ესქატოლოგიის განმასხვავებელი ნიშანი: ხსნა აწმყოც არის და მომავალიც. აწმყო - რწმენით მიღებულ ქრისტეშია; მომავალი კი მხოლოდ სამყაროს დასასრულს გაცხადდება. ხსნა ნიჭია, ყველასთვის მიცემული, მაგრამ მიღებული ზოგის მიერ, ამიტომ ხსნა დღეს აღსრულდება, და ჯერ არ აღსრულდება.

იუდეველები შესანიშნავად მიხვდნენ, რომ ქრისტე თავს აიგივებს სიბრძნესთან, რომელიც გადაარჩენს (იხ. სიბრძ. 9,18). ამიტომ ისინის დრტვინავენ და ამბობენ, რომ მის მშობლებს იცნობენ. იუდეველებს არ სურთ, მასთან მომსვლელები იყვნენ (მუხლ. 35) და ამიტომაც დრტვინავენ (მუხლ. 41; 43 და 61). დრტვინვა სიბრძნის ლიტერატურის ერთ-ერთი თემაა:

„შურისმგებლის ყური ყველაფერს ისმენს და თვით ჩუმი დრტვინვაც არ გამოეპარება. ამიტომაც ერიდეთ ამაო დრტვინვას..“. (სოლ. 1,10-11).

პავლეც საუბრობს ამის შესახებ:

„ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღვთის უმანკო შვილები მრუდ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში“ (ფილიპ. 2,14-15).

დრტვინვა, კამათი, დავა - ეს უარყოფითი ემოციების გამოვლინებაა, რეალობის მიუღებლობა, რომელიც გამოიხატება ჩივილით, რისხვით, საკუთარი თავისადმი სიბრალულით, ჭმუნვით, ნეგატიური განწყობით, აგრესიულობით... გულისთქმა ნაღველს ბადებს. უდაბნოში მოხეტიალე ისრაელის უდიდესი ცოდვა მანანის გამო დრტვინვა იყო - საზრდოს გამო, რომლის წყალობით სიცოცხლე შეინარჩუნეს (რიცხ. 11,1; 14,27; 1კორ. 10,10). ამისთვის უფალმა გველების სახით განსაცდელი მოუვლინა (გველი გულისთქმის, სურვილის სიმბოლოა).

ქრისტე ეუბნება შეკრებილთ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის“(იოან. 6,43). რწმენის მტერი მხოლოდ ჩადენილი ცოდვა როდია, არამედ გულქვაობა და გაბოროტება, დაუკმაყოფილებლობის დრტვინვით ნაკვები.

გ) სიცოცხლის მომცემელი პური ჯვრის მსხვერპლში (43-52)

დრტვინვის საპირისპიროდ ქრისტე მამისადმი მორჩილებას, მამის მოსმენას გვთავაზობს (მუხლ. 45), რადგან მამა არავის უხილავს (მუხლ. 46). ღმრთის მოსმენა მისი განკაცებული სიტყვის მოსმენაა. ვუსმინოთ ღმერთს - ნიშნავს ჩვენი ცხოვრების ცენტრად ვაქციოთ ქრისტე; არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად. მორჩილება ყურადღებით მოსმენაა, სწორი გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების სიხარულით შესრულება.

რწმენა არ იფარგლება მხოლოდ პრინციპული თანხმობით. ეს ცხოვრების სრული შეცვლაა. ამის დასაზუსტებლად ქრისტე მისი ხორცის მიღებაზე საუბრობს და ძალზე კონკრეტულ ზმნას იყენებს - ჭამა. ეს გამოთქმა პროლოგს გვახსენებს: „სიტყვა ხორცი იქმნა“ (იოან. 1,14). ქრისტეს მოძღვრება არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს ცხოვრების წესია. უპირველეს ყოვლისა კი იგი თავად არის სიტყვა და ღმრთის სიბრძნე (1კორ. 1,24). იგი არა მხოლოდ წინასწარმეტყველია, რომელიც გზას გვიჩვენებს, ან მოძღვარი, რომელიც მაგალითს გვაძლევს. იგი თავად არის გზა და ხსნა. მისი ხორცის ჭამა მისი მოსმენაა, მისი გზით სიარული. და მეტიც: ჭამო მისი ხორცი - ნიშნავს, მას დაემსგავსო, თავად გახდე მისი სხეული. ხსნის საქმის მონაწილენი რომ გავხდეთ, ეს პური სრულად უნდა მოგვეცეს. მრავალ ხელნაწერში დაზუსტებულია: „პური, რომელსაც მე გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისთვის გავცემ“ (მუხლ. 51). ეს სერობაზე წარმოთქმულ სიტყვებს გვაგონებს: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა“ (ლუკ. 22,19; 1კორ. 11,24). სწორედ ჯვარზე შეიწირება ეს სრულყოფილი მსხვერპლი - ყოვლადდასაწველი (იხ. იოან. 19,28-30: სამგზის გამეორებული ზმნა „აღსრულება“), რომელითაც სამსხვერპლო კრავი საპასექო საჭმელი ხდება.

დ) კაცის ძის ხორცი (53-59): ევქარისტია

კაცის ძის ხორცის ჭამა და მისი სისხლის შესმა (მუხლ. 53) - საუკუნო სიცოცხლის ქონა, მასში დარჩენა, მისმიერი სიცოცხლეა (მუხლ. 54-57). რა თქმა უნდა, აქ მაგიაზე არ არის საუბარი. ეს ყველაფერი მართლაც ხდება ევქარისტიაში, ქრისტეს მხსნელი საქმის თანაზიარების საიდუმლოში. მაგრამ ამ ტექსტის ზოგადი აზრი არა მხოლოდ საკრამენტული ხასიათისაა. აქ საუბარია იმაზე, რომ უნდა ვიცოცხლოთ მისით, მისთვის და მასში. ევქარისტია ახალი ცხოვრების ნიშანია, რომლის მოცემაც ღმერთს სურს. ევქარიასტია საიდუმლოა კაცთა განღმრთობისა ცხოვრების ზებუნებრივი წესის მიღებით. ქრისტეს ხორცის მიღება არის გადაწყვეტილება ვიცხოვროთ - მსგავსად ამ სხეულისა, რომელიც ჩვენ მოგვეცემა.


4. მოწაფეთა რეაქცია და პეტრეს მიერ აღიარება (6,60-71)



ბევრი მოწაფე ვერ ღებულობს ამ სიტყვების მოთხოვნას - როგორც მაშინ, ასევე ჩვენს დროშიც. „სიტყვები, რომლების გითხარით, სული და სიცოცხლეა“ (მუხლ. 63). იმისთვის, რომ გავიგოთ ეს სიტყვები, უნდა შევწყვიტოთ ხორციელი აზროვნება და მივყვეთ სულს. უპირველეს ყოვლისა ეს მამის ნიჭია: „სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო... ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მოცემული“ (მუხლ. 63; 65). პეტრე პირველია, ვინც ეს ნიჭი მიიღო:

„ნეტარ ხარ შენ, სიმონ იოანეს ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ცაშია“ (მათ. 16,17).

პეტრე არის პირველი, ვინც ქრისტეს აღიარებს. არ არის შემთხვევითი, რომ აქ პირველად ჩნდება მოციქულთა სრული კრებული: სიტყვა თორმეტი სამგზის მეორდება, რაც ხაზს უსვამს პეტრეს, ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებლის, როლს.

„უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა“ (იოან. 6,68-69).

პეტრე გვაძლევს გასაღებს სიტყვისა სიცოცხლის პურზე. სიცოცხლის სიტყვა სიცოცხლეს გვასწავლის: „დასაწყისში იყო სიტყვა... მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი“ (იოან. 1,1.4). ნუ ვიჩქარებთ ამ სიტყვების მხოლოდ საიდუმლოებრივ განმარტებას. ეს იქნებოდა დაკნინება ევქარისტიის მნიშვნელობისა, რომელიც ერთდროულად ნიჭიცაა და ვალიც.


nplg.gov.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий