ღმერთი

ღმერთი

понедельник, 1 июля 2013 г.

ლათინური ხატოვანი სიტყვა-თქმები.

ლათინური აფორისტული საგანძურის რჩეული ნიმუშები, ხატოვანი თქმები და რჩეული აზრები პოეზიასა და პროზაში, ბრძნული გამონათქვამები.



წილი ნაყარია (ალეა იაკტა ესტ) – იულიუს კეისარმა თქვა, რუბიკონზე რომ გადადიოდა, აკრძალვის მიუხედავად, და დაიწყო სენატთან ომი (ძვ. წ. 49 წ.). ითქმის დიდ, გადამწყვეტ საქმის დაწყებაზე.

პლატონი მიყვარს, მაგრამ ჭეშმარიტება კიდევ მეტად (ამიკუს პლატო, სედ მაგის ამიკა ვერიტას) – ჭეშმარიტება ყველაზე ძვირფასია (არისტოტელე).

ან კეისარი, ან არაფერი (აუტ ცესარ, აუტ ნიჰილ) – ან ყველაფერი, ან არაფერი; ან პირველობა, ან არაფერი. თქმა მიეწერება იტალიელ მთავარს ჩეზარე ბორჯიას (დაახ. 1475 – 1507). იგივე უთქვამს კალიგულას.

ყველას ომი ყველას წინააღმდეგ (ბელღუმ ომნიუმ კონტრა ომნეს) – ითქმის ადამიანთა საზოგადოებაზეც და ცხოველთა სამყაროზეც. ფრთიანი თქმა მოდის ინგლისელი ფილოსოფოსის ჰობსის (1588 – 1679) „ლევიათანიდან“: „ადამიანის მდგომარეობა არის ყველას წინააღმდეგ ყველას ომის ვითარება“.

მოწყვიტე დღე! (კარპე დიემ) – ისარგებლე შემთხვევით, დრო არ დაკარგო (ჰორაციუსის თქმა, ოდებიდან); ვარიანტი: „მოწყვიტე ვარდი, ვიდრე დაჭკნება!“

კონსულებო, ფხიზლად (კავეანტ კონსულეს) – სენატის მოწოდება კონსულების მიმართ, განსაცდელის ჟამს სიფრთხილის თვალსაზრისით, რაც გაფრთხილების სიმბოლოდ იქცა (კავეანტ!); შეად. აქვე, „ჰანიბალი ჭიშკართანაა!“

ჰანიბალი ჭიშკართანაა! (ჰანიბალ ანტე პორტას!) – მძიმე საფრთხის მაუწყებელი ხატოვანი თქმა, რომის ისტორიის უმძიმესი განსაცდელის ჟამს თქმული, როცა კანას ბრძოლაში გამარჯვებული დიდი კართაგენელი სარდალი რომს მიუახლოვდა და პანიკით მოცულმა რომაელებმა შესძახეს: „ჰანიბალი ჭიშკართანაა!“ ფიქსირებულია ტიტუს ლივიუსის „რომის ისტორიაში“, შემდეგ ციცერონმა განაზოგადა, ანტონიუსის ლაშქრობაზე გადაიტანა.

გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს – ამ სიტყვებით ამთავრებდა თავის ყოველ გამოსვლას რომაელი სენატორი კატონ უფროსი, კართაგენთან გადამწყვეტ ომს რომ ითხოვდა.

გემოვნებაზე არ დავობენ – შუა საუკუნეთა სქოლასტიკოსების ანდაზა.

მიცვალებულებზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი (დე მორტუის აუტ ბენე, აუტ ნიჰილ) – ან უნდა დაიფაროს განსვენებულის მანკიერება, ან დაიფაროს ორაზროვნება და ა. შ. (აქვს დიოგენ ლაერტელს, ბრძენ ქილონზე მითითებით).

დეუს ექს მახინა – ღმერთი მანქანიდან, მოულოდნელ ამბავზე (სცენაზე შემოდიოდა მანქანა, რომელშიაც ღმერთი იყო, ის განმარტავდა პიესის აზრს). მიეწერებათ პლატონს, მენანდრეს.

გაყავი და იბატონე! (დივიდე ეტ იმპერა) – დამპყრობელთა ვერაგული დევიზი, მცირე ხალხების უფრო იოლად ჩაგვრის მიზნით რომ აქუცმაცებენ ტომებად და ინარჩუნებენ მეუფებას. მიეწერება იტალიელ მაკიაველის (1469 – 1527), საფრანგეთის მეფეს ლუი XI (1423 – 1483), როგორც პროსპერ მერიმე ამტკიცებს, ან კიდევ ფილიპე II მაკედონელს (დაახ. 382 – 336) – ჰაინეს აზრით. „მარტო მაკიაველისა კი არა, სახელმწიფოებრივი პრინციპია,“ – წერდა პუშკინი.

გაძლევ, რათა შენც მომცე (დო უტ დეს) – რომაული სამართლის პრინციპი.

დუმ სპირო, სპერო (ვიდრე ვსუნთქავ, იმედი მაქვს) – ოვიდიუსის „მწუხარე ელეგიებიდან“.

კანონი მკაცრია, მაგრამ ის კანონია (დურა ლექს, სედ ლექს).

აი კაცი! (ეკცე ჰომო) – ასე უთხრა ხალხს პილატემ, დაკითხვის შემდეგ რომ ქრისტე გამოიყვანა; აი, ნამდვილი ადამიანი; აი, ტანჯული კაცი; ქრისტეს თავი (ქანდაკება, ეკლის გვირგვინით, ან იგივე – სურათი). გამოთქმა მოდის იოანეს სახარებიდან: „გამოვიდა იესო გარე, და ედგა ეკლისა იგი გვირგვინი, და ძოწეული სამოსელი, და ჰრქვა მათ პილატე: აჰა კაცი იგი!“ (19, 5). პილატემ ვერ გაიგო, „რაი არს ჭეშმარიტება“.

მაინც ბრუნავს (იტ. ეპურ სი მუოვე) – გალილეის სიტყვები, წამების შემდეგ რომ დაჰკრა ფეხი მიწას და შესძახა: დედამიწა მაინც ბრუნავს!

ყველაფერს ზომა აქვს (ესტ მოდუს ინ რებუს: არის ზომა საგნებში) – ჰორაციუსის ცნობილი აფორიზმი, I წიგნი, I სატირა.

ექს კათედრა – „კათედრიდან“, აქსიომა, ავტორიტეტული განცხადება, რაზეც დავა აღარ შეიძლება; ნათქვამს „წყალი არ გაუვა“ (ირონიულად) – იგულისხმება უფრო საეკლესიო კათედრიდან, ამბიონიდან თქმული რეფრენი ამერიკელი პოეტის ლონგფელოს ბალადისა (1807 – 1882): ახალგაზრდა კაცი ეწირება იდეას.

იმის გამოკლებით, რაც გამოსაკლებია (ექსცეპტის ექსციპიენტის) – გვხვდება ვ. სკოტთან და სხვ.

ძეგლი ავიგე ხელთუქმნელი, მარად უკვდავი (ექსეგი მონუმენტუმ…) – ჰორაციუსის ლექსის საანდაზოდ ქცეული სტრიქონი (III წიგნი, XXX ოდა), იმეორებს პუშკინი და სხვ.

არარაისგან არაფერი (ექს ნიჰილო ნიჰილ) – ლუკრეციუსის თქმა, ცნობილი გახდა უფრო პერსიუსის სატირიდან (2, III, 84): „არარაისგან არ გაჩნდება არარაიცა, და ვერც არარად ვერ იქცევა არარაობა“; აქვს შექსპირსაც. იტყვიან ირონიულად (მაგალითად, მინაწერი ერთი ამპარტავანი პოეტის წიგნზე: „არარაისგან არ იქმნების არარაიცა… ყველა დანტეა? – რომელს უკვირს პატარაობა? შენზე ამბობენ, არარაო… მაგრამ დაიცა: არარაისგან არ გაჩნდება არარაობა!“).

შუქი აღმოსავლეთიდან მოდის (ექს ორიენტე ლუქს) – დიმ. მაისნერი წერდა: „მასარიკს (ჩეხ პროფესორს) ყველაზე ნაკლებად სჯერა განთქმული ლათინური ანდაზისა: სინათლე აღმოსავლეთიდან მოდისო. მისი აზრით, სიმართლე და პროგრესი დასავლეთიდანაა“; „ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთიდან მოდის მძლავრი პროტესტანტული ხმა ახალი რუსოსი“ (ე. ი. ტოლსტოისა, მ. როზანოვი, „რუსო და ტოლსტოი“). მომენტის მიხედვით იყო სხვა ვერსიებიც.

ლომი ბრჭყალებით იცნობა (ფრინველი ფრენით) – ექს უნგვე ლეონემ (აფორიზმს უმატებენ: ექს აურიბუს ასინუმ: ვირი ყურებითო) – ანდაზა.

მე გავაკეთე, როგორც შემეძლო; დაე სხვამ უკეთესად გააკეთოს! (ფეცი ქვოდ პოტუი, ფაციანტ მელიორა პოტენტეს) – ხატოვანი თქმა ძლიერი პიროვნებისა, რომელსაც ზოილები ღირსეულ ნაშრომს უწუნებენ. ანდაზა გადმოღებულია ფიცერონის XI ეპისტოლედან (14). იმოწმებს მრავალი ავტორი.

შეიცანი თავი შენი – იხ. სოკრატე (იტყვიან ლათინურად).

იჩქარე ნელა (ფესტინა ლენტე – დინჯად, გონივრულად) – ჩქარა, მაგრამ არა ნაჩქარევად, არა ზერელედ გააკეთე საქმე.

დაე იყოს შუქი! (ფიატ ლუქს!); აქედ. „მუდამ იყოს მზე!“

საქმეს ბოლო აგვირგვინებს (ფინის კორონატ ოპუს).

წვეთი ქვას ხეთქავს (გუტტა კავატ ლაპიდემ) – ოვიდიუსიდან („წერილები პონტოდან“, IV, 10, 5), ძველ ბერძენ პოეტთა ხატოვანი თქმიდან აღებული, საანდაზოდ ქცეული სტრიქონი მეტყველებს, რომ წვეთი ქვას (კლდეს) ერევა არა ძალით, არამედ ხშირი დაცემით; ოვიდიუსის მოკლე თქმა განივრცო ამ სახით: „წვეთი ქვას ხეთქავს, ძალით კი არა, არამედ დინჯი, ხშირი დაცემით“. (ჯორდანო ბრუნო, „შანდალი“, III, 6).

პიროვნება ხელშეუხებელია! (ჰაბეას კორპუს) – საწყისი სიტყვები ინგლისის პარლამენტის კანონისა, 1679 წ.; „განაგე შენი სხეული“.

აქვთ წიგნებსაც თავიანთი ბედი (ჰაბენტ სუა ფატა ლიბელი) – III საუკუნის რომაელი გრამატიკოსის ტერენციან მავრის წიგნიდან: წიგნიც ისეთი ბედისაა, როგორც მიიღებს მკითხველი.

აქაც როდოსია, აქაც გადახტი (ჰიკ როდუს, ჰიკ სალტა!) – ეზოპეს იგავიდან: ვინმე ბაქია ტრაბახობდა, როდოსზე საოცრად შორს ვხტებიო, და მოწმეებსაც ასახელებდა. ერთმა მსმენელმა შენიშნა: მოწმეები რად გვინდა, აქაც როდოსია, აქაც გადახტიო; სიძნელე აქვე გადალახეო.

კაცი კაცისათვის მგელია (ჰომო ჰომინი ლუპუს ესტ) – ეგოიზმის, ავკაცობის ფორმულა, მოდის ძველთაგანვე, პლავტის (გარდ. დაახ. 184 წ.) კომედიიდან „ვირები“: კაცი კაცისათვის მგელია და არა კაცი („ნონ ჰომო“), ახალ დროში ბეკონს ან ჰობსს მიაწერენ. მას უპირისპირდება დრამატურგ ცეცილიუს

ჰომო სუმ, ჰუმანი ნიჰილ ა მე ალიენუმ პუტო („ადამიანისათვის ღმერთია“ (ჰომო ჰომინი დეუს), რაც შემოგვინახა კვინტუს სიმაქემ (გარდ. დაახ. 400 წ., „წერილები“, IX).

ჰომო საპიენს – „გონიერი ადამიანი“ (პირველყოფილი); ადამიანი, როგორც ასეთი, ცხოველის საპირისპირო; ალალი კაცი; მეშჩანი (ირონიულად).

ჰომო საპიენს ფერუს – გაველურებული კაცი.

ჰომო სუმ, ჰუმანი ნიჰილ ა მე ალიენუმ პუტო (ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის) – ტერენციუსიდან (დაახ. 195 – 159 ძვ. წ.): ადამიანურ სისუსტეზე, შეცდომებზე და ა. შ. („არ მინდა ვიყო სხვაზე უკეთესი“).

ჰონორის კაუზა – „პატივისათვის“, სამეცნიერო ხარისხის მინიჭება თვალსაჩინო დამსახურებისათვის (მენდელეევს მიანიჭა ედინბურგის უნივერსიტეტმა).

პატივი ცვლის ხასიათს (ჰონორეს მუტანტ მორეს) – განდიდებულ ადამიანებზე, რომელთაც ზნე უარესისკენ ეცვლებათ, ხდებიან უკადრისნი, სასტიკნი და ა. შ. (სულა, ვიდრე დიქტატორი გახდებოდა, რბილი ხასიათის კაცი ყოფილა, შემდეგ უწყალო ჯალათად იქცა) – აფორიზმის წყაროა პლუტარქეს „სულას ცხოვრება“ (64): „განდიდებული იშვიათად ხდება უკეთესი“.

სათქმელად საშინელია! (ჰორრიბილე დიქტუ) – წერენ და იტყვიან, როცა ვინმე მქირდავის, კრიტიკოსის, უსამართლო კალმოსნის ნაწერით აღშფოთებული არიან, ან როცა ვინმე ოდიოზური სახელი უნდა ახსენონ, ან ირონიულად, რაიმე იდეის უარყოფის მიზნით, პოლემიკაში.

ცეცხლითა და მახვილით (იგნი ეტ ფერრო) – შეიარაღებული ძალით, რისხვით მოსვლა, ქვეყნის გავლა, აოხრება… ხატოვანი თქმა ანტიკურ ავტორებთან ხშირად გვხვდება, უფრო ცნობილი გახდა სენკევიჩის რომანიდან.

ვის დაღუპვასაც იუპიტერი ისურვებს, ჯერ ჭკუას აურევს.

აქ შემსვლელებმა იმედები დატოვეთ გარეთ – დანტეს „ღვთაებრივი კომედიიდან“: წარწერა ჯოჯოხეთის კარიბჭეზე.

სტილი – ესაა ადამიანი – ცნობილი თქმა ბიუფონისა (ფრანგი მეცნიერი).

რაც კალმით დაწერილია, ნაჯახით ვერ გადაშლი (ლიტტერა სკრიპტა მანეტ: „დაწერილი ასო რჩება“, შესატყვისი რუსულიდანაა) – საანდაზო თქმა, რაც პრაქტიკულად ზოგ სამარცხვინო შემთხვევაში ბარბაროსულად ირღვევა: მაგალითად, ძველი ქართული ასომთავრული გადამთიელებს ნაჯახით გადაუფხეკიათ ხოლმე, თუმცა კვალი მაინც დარჩენიათ.

მულტუმ, ნონ მულტა – ბევრი რამ, მაგრამ არა ბევრი: გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. აფორიზმის ავტორია პლინიუს უმცროსი (62 – დაახ. 114).

პოეტები იბადებიან, ორატორები განიწვრთებიან (ნასკუნტურ პოეტე, ფიუნტ ორატორეს, ან შებრუნებით: „ორატორეს ფიუნტ…“ – ციცერონის სიტყვები (არქიასის დაცვა), გამოხატავენ პოეტური ნიჭის თანდაყოლილობას.

ნურაფერი გიკვირს (ნილ ადმირარი) – აფორიზმი ჰორაციუსის „ეპისტოლეებიდან“ (I, 6, 1) – მოწოდება სიდინჯისა და ზომიერებისაკენ.

ნუ შემეხები (ნოლი (ნონ) მე ტანგერე!): ნუ ერევი ჩემს საქმეში, საკ. – არ შემეხო! – იესომ უთხრა მარიამ მაგდალინელს, რომელსაც უნდოდა შეხებით დარწმუნებულიყო, მართლა თუ აღდგაო: „ჰრქვა მას იესო: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა“ (იოანე XX, 17)*.

შენიშვნა: * ა. ბაბკინის და ვ. შენდეცოვის წიგნში „უცხოენოვან სიტყვათა და გამოთქმათა ლექსიკონი“ (ტ. 2, 931) შეცდომითაა მითითებული მუხლი 7.

სახელები საძაგლებია (საძულველია: ნომინა სუნტ ოდიოსა) – ნუ დავასახელებთ! – ოვიდიუსის აფორიზმი („ჰეროიდები“, XIII, 54).

ნონ პოსსუმუს (არ შეგვიძლია!) – კატეგორიული უარის ნიშანი, პაპების უარყოფის სიტყვა რაიმე მოთხოვნაზე: კლიმენტი VIII უარს ეუბნება ინგლისის მეფეს ჰენრი მერვეს ეკატერინე არაგონიელთან განქორწინებაზე; პიუს მეცხრე – ნაპოლეონ მესამის, რომ იტალიის მეფეს ვიქტორ ემანუილს დაუთმოს რომანთა ოლქი. წყარო: ისრაელთა მესვეურები (ანნა მღვდელმთავარი, კარაფა, მწიგნობარნი) მოითხოვენ, ქრისტეს მოძღვრებას ნუ ქადაგებთო, პეტრე და პავლე კი უპასუხებენ: „ჩვენ ვერ ხელ-გვეწიფების, ვითარცა არა ვიტყოდეთ“ (საქმე მოციქულთა 4, 20).

ნულლა დიეს სინე ლინეა (არც ერთი დღე უხაზოდ) – არც ერთი დღე უსაქმოდ (ხაზის გაუვლებლად, წერის გარეშე): პლინიუს უფროსი (23 – 79) ახასიათებს ბერძენ დიდოსტატს, აპელესს არც ერთ დღეს არ ატარებდაო ხაზვის გარეშე.

ყველაფერი ჩემი თან დამაქვს (ომნეა მეა მეკუმ პორტო) – მცირე, მოკრძალებულ ქონებაზე, დიდი ქონების უარყოფაზე; გადატანით – სულიერ სიმდიდრეზე, ცოდნაზე. წყარო: როცა სპარსელთა შემოჭრის ჟამს ბრძენი ბიანტი (ძვ. წ. VI ს.) ქალაქიდან სხვებთან ერთად წავიდა და თან არაფერი წაიღო, მოქალაქეთა გაოცებაზე თქვა: ქონებად მიმაჩნია მხოლოდ სულიერი განძი, რაც თან მიმაქვსო.

სადაც თაფლია, იქ ღვარძლიცაა.

ასე ქრება ამქვეყნიური დიდება (სიკ გლორია მუნდი).

ო, დროებანო, ო, ზნეობანო! (ო ტემპორა, ო მორეს!) – ციცერონის სიტყვა (კატილინას წინააღმდეგ). დროთა ცვალების (უფრო უარესობის) გამო.

პური და სანახაობა! (პატემ ეტ ცირცენზეს) – რომაელ მოქალაქეთა შეძახილი (უფასო პურზე და ცირკზე).

ეკლიანი გზით ვარსკვლავებისაკენ! (პერ ასტერა ად ასტრა) – ბრძოლით თუ ჯაფით დიდების გზის გაკვლევა.

ყველა სიმართლითა და უსამართლობით (პერ ფას ეტ ნეფას) – ყველა საშუალებით მიზნისაკენ სვლაზე.

სახიფათოა შეყოვნება (პერიკულუმ ინ მორა) – ანდაზა (ტიტუს ლივიუსი, „რომის ისტორია“, 38, 25, 13).

რასაც წამალი ვერ არჩენს, რკინა მოარჩენს; რასაც ვერ არჩენს რკინა, ცეცხლი მოარჩენს (კვე მედიკამენტა ნონ სანატ, ფერრუმ სანატ; კვე ფერრუმ ნონ სანატ, იგნის სანატ) – წამლის, დანის და მოწვის სიმბოლიკა (გადატანით: უფრო მკვეთრ საშუალებებზე გადასვლა რაიმე საქმეში); დიდი ბერძენი ექიმის ჰიპოკრატეს დევიზი (დაახ. 460 – 377 ძვ. წ.). შილერმა ეპიგრაფად შეურჩია თავის დრამას – „ყაჩაღები“.

სიცოცხლეს ნუ დაზოგავ ჭეშმარიტებისათვის (ვიტამ იმპენდერე ვერო) – რუსოს „ახალ ელოიზას“ დევიზი, იუვენალის „სატირებიდან“ (65 – 128 წ.).

სიცოცხლე მოკლეა, ხელოვნება გრძელი (ვიტა ბრევის, არს ლონგა) – ჰიპოკრატეს „აფორიზმებიდან“.

რაც იუპიტერს ეპატიება, ის არ ეპატიება ხარს (კვოდ ლიცეტ იოვი, ნონ ლიცეტ ბოვი) – ერთისათვის საკადრისი (შესაფერისი, დამსახურებული) საქმე მეორისთვის შეუფერებელი პატივია.

გამეორება სწავლის დედაა (რეპეტიციო ესტ მატერ სტუდიორუმ) – ანდაზა.

რაც მბრძანებელს ნებავს, ის კანონად იქცევა – ანდაზა.

რაც არაა დოკუმენტებში, არც სადმეა ქვეყანაზე – ანდაზა.

საზოგადოებრივი კეთილდღეობა – უმაღლესი კანონია (სალუს პოპული სუპრემა ლექს ესტო) – საყოველთაო კეთილდღეობის დევიზი.

საპიენტი სატ – გამგები გაიგებს (მოკლედ თქმულსაც).

იარე შენი გზით და ხალხმა რაც ენებოს, ის ილაპარაკოს (სეგვი ილ ტუო კორსო, ე ლაშია დირ ლე ჯენტი) – დანტეს სიტყვები.

ასე ქრება მიწიერი დიდება, წუთისოფელი წარმავალია (სიკ ტრანზიტ გლორია მუნდი) – დიდი წარსულის, დიდი ადამიანის მზის ჩასვენებაზე, სოფლის ამაოებაზე (ამაოება ამაოთა; „სად აღუფხვრი სადით ძირსა…“) შეძახილი პაპის ტახტზე ასვლისას, ილუზიების დამსხვრევისას და სხვა. ფილოსოფოს-მისტიკოს თომა კემპიელის შრომიდან „ქრისტეს მიბაძვა“.

რისხვისა და მიკერძოების გარეშე (სინე ირა ეტ სტუდიო) – ტაციტიდან.

მსუბუქი იყოს შენთვის მიწა (სიტ ტიბი ტერრა ლევის) – დაკრძალვაზე იტყვიან ან აწერენ ეპიტაფიასთან ერთად, ნეკროლოგებში.

თუ მშვიდობა გინდა, ომისათვის ემზადე (სი ვის პაცემ, პარა ბელლუმ) – გაფრთხილება, რასაც ყველა მშვიდობიანი თუ დამპყრობელი მეუფე ასრულებს.

დრონი იცვლებიან და ჩვენც მათთან ვიცვლებით (ტემპორა სუტანტურ…) – გამოთქმა მიეწერება რომის იმპერატორს ლოთარ პირველს (840 – 855), რომელიც ბერად აღიკვეცა.

მეშინია დანაელთა საჩუქრისაც (ტიმეო დანაოს…) – ვერგილიუსიდან.

შენც, ბრუტუს?! – მეგობრის ღალატზე (კეისარმა უთხრა მეგობარ ბრუტუსს, როცა დაჭრილმა მტრებს შორის იხილა).

მსურველი ბედს მიჰყავს, ჯიუტს მიათრევს (ვოლენტემ დუკუნტ ფატა…).

შევაერთოთ სასიამოვნო სასარგებლოსთან (უტილე დულცი მისცერე).

უბედურება იშვიათად მოდის მარტო (იტა მიჰი ად მალტუმ) – პლავტუსი.

რამდენიც კაცია, იმდენი აზრია (კვოდ ჰომინეს…) – ჰორაციუსიდან.

ხელოვნებათა შორის ყველაზე უფრო კეთილშობილი – მედიცინაა (ომნიუმ არციუმ მედიცინა ნობილისსიმა ესტ).

Комментариев нет:

Отправить комментарий